“მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი შალვა თადუმაძეა” – შალვა შავგულიძე

მთავარი პროკურორობის კანდიდატი, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, მთავარი პროკურორობის კანდიდატურა ერთპიროვნულად შეირჩეს და ამ საკითხზე გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭოში მიიღონ.

როგორც შავგულიძემ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს განაცხადა, მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ამ თვალსაზრისით, შალვა თადუმაძეა.  რადგან საზოგადოებამ არ იაქტიურა და შეთავაზება ჰაერში დარჩა, შესაბამისად ხელისუფლებას მისთვის სასურველი კანდიდატების არჩევის  საშუალება მიეცა.

შალვა შავგულიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში სამ წარსადგენ კანდიდატს შორის დასახელდება.

” არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციური კანდიდატის დაბლოკვაზე პასუხისმგებლობა თავად იუსტიციის მინისტრმა და სამინისტრომ არ აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს კანდიდატურა გადააგზავნოს საპროკურორო საბჭოში. მაგრამ სამწუხაროდ მანკიერი კანონის გამო, საპროკურორო საბჭო არის ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლის ქვეშ. რამდენი კანდიდატიც არ უნდა იყოს წარდგენილი, ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, კონკრეტულად რომელი კანდიდატზეც მიიღებს მითითებას მმართველი პარტია “ქართული ოცნებისგან”, – განაცხადა შავგულიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​​მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” სამწუხაროდ დაადგა გზას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პრინციპებთან.

​ამ გზას დაადგა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ერთმართველობა ჩამოყალიბდა ქვეყანაში წლების მანძილზე, ჯერ ფორმალური, შემდეგ არაფორმალური. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზას, ერთი ადამიანის ნებაზე სახელმწიფოს ფუნქციონირება, სხვა თუ არაფერი დიდია შეცდომის რისკი და ერთი ადამიანის გადაწყვეტილება ინსტიტუციურ ფილტრებს თუ არ გადის, ძალიან კარგი განზრახვაც რომ ჰქონდეს, შეცდომა შეიძლება ძვირად დაუჯდეს სახელმწიფოს”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ დატოვეს თავის დროზე “თავისუფლმა დემოკრატებმა” მმართველი კოალიცია.

მსგავსი თემები