“კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, კრიზისი არ გვექნება” – არჩილ თალაკვაძე

“2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს”, – აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის მაჟორიტარული არჩევნები, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. მისი თქმით, არჩევნებში გასამარჯვებლად, ხალხის ნდობაა საჭირო და არა პროპორციული საარჩევნო მოდელი.

“სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. 2020 წლის არჩევნები, მინდა დაგარწმუნოთ, ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა, საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციას მოუწოდა არჩევნებისთვის მოემზადოს. მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისი არ იქნება და სახელმწიფო მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს.

” ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ხვალ 11 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომა დააანონსა. 

მსგავსი თემები