„ამ ადამიანებს, არა თუ ქვეყანაში, სახლშიც აკრძალული აქვთ ამბოხი“ – დავით ჭიჭინაძე

„ქართულ ოცნებას“ არანაირი მორალური მუხრუჭი არ გააჩნია.  მათ შეუძლიათ, დღეს დაგვპირდნენ და ხვალ არ შეასრულონ. როცა ხალხს დაჰპირდები და მერე მოატყუებ,  უკვე შენს სიტყვას ფასი ეკარგება“ –  ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ნურც ერთი პოლიტიკური ძალა ნუ შეეცდება, სირაქლემის პოზიციაში დადგეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა და მართლა ვერ გაიტანა. ესაა ზღაპარი. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტის ხელახლა შეტანასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამას აზრი არ აქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“,  გუშინ პასუხი გასცა, რომ რეგლამენტი, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მსგავს ცვლილებებს. რაც არ უნდა ვარიანტი შევთავაზოთ, ისინი თავისას არ გადათქვამენ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთვარში“.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე, გუშინდელი გადაწყვეტილეით ბედნიერი იყო: „გუშინ კობახიძე იყო ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ინიციატორი. მე ის მინახავს, როცა რაღაცა ვერ გაუტანია, როგორ განიცდიდა ხოლმე. გუშინ იყო ბედნიერი, ეტყობა რაც უნდოდა ის მოხდა. დანარჩენი, ვის შეაწმინდეს ხელები და ვის გადაატეხეს ჯოხი მეორე საკითხია“.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ქვეყანას ვადამდელი არჩევნები სჭირდება.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანას იმიტომ სჭირდება, რომ ეს კრიზისი, რომელიც არსებობს, ის შემადგენლობა პარლამენტში, რომელის გვყავს,  მინისტრთა კაბინეტი, რომელიც დღეს არსებობს არ უნდა იყოს. ამოწურეს მათ ყველანაირი რესურსი. არ შეიძლება ტყუილზე ცხოვრება და სახელმწიფოს მართვა ტყუილებით. უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებსაც გაუჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობა. არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა სჯეროდათ, რომ პროექტს  გაიტანდნენ“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წინ დაწყებულ პროტესტს უერთდება და ამბობს, რომ ეს მუხტი ვადამდელ არჩევნებამდე გაგრძელდება.

„იქნება დიდი პროტესტი, იქნება ვადამდელი არჩევნები. იმ ადამიანებს, ვინცა გუნდის წინააღმდეგ წავიდა, არა თუ ქვეყანაში, სახლშიც აკრძალული აქვთ ამბოხი“ – აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები