მწვანილები, ბოსტნეული და ყველაფერი, რაც მიწასთან ახლოა, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს – ექსპერტი

​გაეროს ექსპერტი, ეკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი, რომელშიც ქიმიური ნივთიერება გამოყენებულია პესტიციდის სახით და არ არის დაცული ლოდინის პერიოდი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.  

როგორც ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა პროდუქციას ფერმერები ადრეულ პერიოდში გასაყიდად ამზადებენ, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოიყვანონ ესა თუ ის პროდუქცია, შესაბამისად დამატებით ქიმიურ ნივთიერებებს, სასუქებს და ისეთ პრეპარატებს იყენებენ, რასაც პესტიციდები და შხამქიმიკატები ჰქვია.  

მისივე თქმით, ​მწვანილში ნიტრიტები და ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება, ხშირად ფერმერული მეურნეობები იყენებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხმარებიდან ამოღებულ ისეთ პესტიციდს, როგორიც არის ლიბოსატი. 

“ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ის ამოღებულია მოხმარებიდან და გაცხადებულია, რომ შესაძლოა კარცენოგენური ნივთიერება იყოს. როცა ასეთი რანგის ორგანიზაცია ამას ამბობს, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ეს ნივთიერება ნამდვილად არის მავნე. ის ფართოდ არის გამოყენებული.  სანამ დაითესება მწვანილს, თუ კარტოფილს, იყენებენ ამ ნივთიერებას, რათა მერე ნაკლები მუშახელის დაქირავება დასჭირდეთ მის გასათოხნად, სარეველების მოსაცილებლად. ასევე, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, ამ ნივთიერების გამოყენების შემდეგ არის თუ არა დაცული ლოდინის პერიოდი”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე თქმით, გლიფოსატზე კვლევა საქართველოში არ ტარდება, შესაბამისად, ადგილობრივ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში მისი შემცველობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

რაც შეეხება ნიტრიტებისა და ნიტრატების პრობლემას, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შარშან ჩატარებული კვლევებით, მწვანილსა და ბოსტნეულში, მათი მაღალი კონცენტრაცია დადასტურდა.

“მივდივართ იქამდე, რომ ფერმერული მეურნეობები არ ხდება და არც სწავლება ხორციელდება. ამას დიდი ფინანსები სჭირდება”, – აცხადებს გაეროს ექსპერტი.

მისივე ინფორმაციით, ასეთი პროდუქციის მიღებისგან თავს იკავებენ სამაცივრე მეურნეობებიც, რადგან ნიტრიტებითა და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქცია არ ინახება და შემდგომი რეალიზაციისთვის უვარგისი ხდება.  



მსგავსი თემები