ახალგაზრდა პიანისტი, ბაბი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტი და პიანისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მუსიკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.

თამარ ბაბილუა 36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატია. 2003-2005 წლებში ის აქტიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს. მან თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, რახმანინოვისა და გრიგის ნაწარმოებები შეასრულა. 2016 წლის 29 მარტს  საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდი დაამყარა ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრაში. მძიმე  ავადმყოფობის მიუხედავად მან 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა.  

ბაბი სიმღერებს წერდა, ის არის მომღერალ ნინა სუბლატის ალბომის კომპოზიტორი. ქმნიდა მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობდა არტისტებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და მუსიკალურ ბენდებთან, როგორც პიანისტი და კომპოზიტორი. ასევე, 2013 წლიდან ბაბი „თინ ქლაბის” კონცერტმეისტერი იყო.

ბაბი ფორტეპიანოზე 3 წლის ასაკიდან უკრავდა. 6 წლის ასაკში სწავლა ფოთის ა.ხორავას სახელობის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. 2002 წელს მან წარმატებით დაამთავრა ა.ხორავას სამუსიკო სკოლა და ჩაირიცხა ოთარ თაქთაქიშვილის სამუსიკო სასწავლებელში.

ბაბი სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებში და მოგებული აქვს ისეთი კონკურსები, როგორიცაა „ნორჩ პიანისთა რესპუბლიკური კონკურსი” , „ოქროს როიალი”, „რახმანინოვის კონკურსი”, „ალ. პროკოფიევის კონკურსი”, „ოქროს ტალღა” და სხვა. 

მსგავსი თემები