საქართველოში მოყვანილი კენკროვანი კულტურები შესაძლოა ბიო პროდუქტად გამოცხადდეს

​გაეროს ექსპერტ ხათუნა ახალაიას განცხადებით, საქართველოში მოყვანილი კენკროვანი კულტურების მწარმოებელი ფერმერების უმეტესობა მოსავლის მისაღებად ქიმიურ ნივთიერებებს არ იყენებენ და შესაძლოა მათი პროდუქცია ბიო პროდუქტად იყოს სერტიფიცირებული.  

“კენკროვანი კულტურების მწარმოებლებს შევხვდი. ბევრი მათგანი ამბობს, რომ უხვი მოსავლის მისაღებად ქიმიურ ნივთიერებას არ იყენებენ, ამდენად, მათი პროდუქცია შესაძლოა სერტიფიცირებული იყოს, როგორც ბიო პროდუქტი. სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ სახელმწიფომ შეისწავლოს ფერმერული მეურნეობები, ვის რა მოჰყავს და როგორი პროდუქცია გადის ბაზარზე. სურსათის ეროვნული სააგენტო, თავისი ვალდებულების მიხედვით აკონტროლებს დიდ მარკეტებს, მაგრამ ღია ბაზრების კონტროლი სრულყოფილად ვერ ხერხდება”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, სეზონური პროდუქცია საფრთხილოა, მათ შორის მიწაზე მოყვანილი მარწყვი, რადგან მასში შესაძლოა დიდი ოდენობით იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებები. 

“ფერმერული მეურნეობებისთვის სასწავლო პროგრამების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. სურსათის ეროვნული სააგენტო იწყებს ასეთ პროექტებს, რომელშიც ახალგაზრდა აგრონომები ჩაერთვებიან.  ქიმიური სასუქის არასათანადო გამოყენება იწვევს დაავადებებს – ანემიას და მისგან გამომდინარე სხვა დაავადებებს. რაც შეეხება გლიფოსატს, ის შესაძლოა სიმსივნური დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ეს ნივთიერება არ იშლება ორგანიზმში და ფეხმძიმობის დროს ნაყოფს გადაეცემა, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ამ თემაზე არ თანამშრომლობენ, რაც ძალიან სამწუხაროა”, – აცხადებს ხათუნა ახალაია. 

მსგავსი თემები