,,უკრაინელი ხალხისთვის ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,უკრაინელ ლტოლვილებს რაც შეეხება, საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინელი ხალხისთვის,” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელ მოქალაქეს, ვინც ჩამოსულია საქართველოში, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება.

„ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს ვუკეთებთ, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით. გახსენებთ, თავად მოვინახულე უკრაინული ბავშვებისთვის გახსნილი უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს გახსნას. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი. გთხოვთ, პირველ რიგში, იფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. თქვენი პარტიული ინტერესები და საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები ჩვენს ხალხს არ აინტერესებს. ჩვენი ხალხი დაირაზმა მთავრობის ხელშეწყობით, ჩართული იყო ყველა რეგიონი და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში უკრაინელებისთვის. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები