“თუ დადასტურდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულზე საჩივარი არსებობდა და პოლიციამ მისი იგნორირება მოახდინა, შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირში იქნება ივანიშვილის რეჟიმთან” – გიგა ბოკერია

“თუ დადასტურდა, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ ან იძულებული იყო იგნორირება მოეხდინა იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ აღნიშნულ პირს პოლიციამ ხელი დააფარა, ეს შემზარავი მაგალითი იქნება იმ შედეგების დემონსტრირება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა.

„პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებით ამ პირის ბრალეულობა, ამის მერეც რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა რეპუტაციისაც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება აღმოაჩნდეს აქტივისტი, მხარდამჭერი, რომელიც საზარელ დანაშაულს ჩაიდენს და ამაზე ეს პოლიტიკური ძალა პასუხს არ აგებს, მაგრამ თუ ამ პირის ბრალეულობა დადასტურდა და თუ დადასტურდა ასევე ის ამბავი, რაც გუშინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ, ან იძულებული იყო იგნორირება მოეხდინა იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავსტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

მსგავსი თემები