დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება. საწარმოს მშენებლობა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
1.5 ტონა წარმადობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ბაზარს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებით მოამარაგებს. აქვე დაიწყება ტრადიციული პროდუქტის – დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება.
მშენებლობის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო.
„რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგი შესაძლებლობაა განავითარონ ან გააფართოვონ მესაქონლეობა და სამომავლოდ მეტი ფინანსური სარგებელი ნახონ. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში, მათ მიერ ჩაბარებული რძისგან მაღალი ხარისხის პროდუქცია დამზადდება, რომელიც რეგიონის ეკონომიკური წინსვლის კიდევ ერთი წინაპირობა იქნება. ვიმედოვნებთ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის დამატებითი სტიმული იქნება დარჩნენ საკუთარ სოფლებში და მაღალმთიანი დასახლებები გაამაგრონ“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მეპაიეებთან შეხვედრისას.
მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც საწარმო თანადაფინანსებით პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ფხოვი 2017“ -ს გადაეცემა. კოოპერატივის ფარგლებში 32 ადგილობრივია გაწევრიანებული.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 678 ჰა სათიბ-საძოვარი გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისთვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შესაბამისი ტექნიკა მიიღო.