აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში თბილისობა წელს უკვე მეორედ აღინიშნა. ქართველმა ემიგრანტებმა მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს საყვარელი დედაქალაქის დღესასწაული. ღონისძიების ორგანიზატორია ქართული კულტურის სახლი “ფესვები”, რომლის დამფუძნებლები არიან ქართველი ემიგრანტები – მამუკა გოდერძიშვილი და მისი მეუღლე, შორენა ბარბაქაძე.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქართველმა ემიგრანტმა, სპორტსმენმა დავით ფრანგიშვილმა განუცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული რესტორნები და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები.
დღესასწაული ქართული ჭიდაობით გაიხსნა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა წარმოადგინეს საჩვენებელი გამოსვლები. ამერიკაში მოღვაწე “ქართული ჭიდაობის კლუბს” კომპანია “Netcost market”-ი აფინანსებს. კომპანიის გენერალური მენეჯერი, ედვარდ შნაიდერი ყოფილი სამბისტია და ცხოვრების ჯანსაღი წესი მისი კრედოა. ქართველი ემიგრანტი სპორტსმენები ძალიან ემადლიერებიან ებრაელ ბიზნესმენს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
“აქტიურად გვიდგას გვერდში. ვთანამშრომლობთ. კარგი იქნება ქართველი ბიზნესმენებიც თუ დაგვხმარებიან და მხარში ამოგვიდგებიან ჯანსაღი და ჯანმრთელი მომავლის აღზრდაში”, – ამბობს დავით ფრანგიშვილი.
ქართველი ემიგრანტების ნიუ0იორკული თბილისობა კონცერტით დასრულდა. შესრულდა ბათუმელი კომპოზიტორის, ირაკლი შარაძის სიმღერები. მომღერალმა გოგიტა გოგიძემ თავისი ცნობილი სიმღერა “არ წახვიდე” შეასრულა, რომელიც ინტერნეტსივრცეში უკვე 13 მლნ-მა ადამიანმა მოისმინა.
ქართველ ემიგრანტებს აშშ-ში უკვე მეორედ ესტუმრა ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე. “გაგვეცნო და იმედია გააცნობს ჩვენს თავს საქართველოს საზოგადოებას. მთავარია, რომ ჩვენ, ყველა ქართველი, რომლებიც აქ ვიმყოფებით, ქართულ საქმეს ვემსახურებით. ქართული გენი გადავცეთ პატარებს, არა გენეტიკით, არამედ სულიერებით. ჩვენ თუ არ ვასწავლეთ მომავალ თაობას, რა არის თბილისობა და რას ვზეიმობთ, დავიკარგებით საერთოდ”, – აცხადებს დავით ფრანგიშვილი.
მისივე ინფორმაციით, 28 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიხსნა პირველი ქართულენოვანი რადიო “საუნჯე” ნიკო ნადირაშვილისა და დიანა ბაგრატიონის ძალისხმევით.