“ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით – ეშინოდათ არჩევნების შესწავლის” – ირაკლი კობახიძე

  •  

„ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით,  მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ბრალდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მრავალთვიანი საბოტაჟის საბაბი გახდა, რამაც არა მმართველი პარტია, არამედ ქვეყნის ინტერესები დააზიანა.

„როდესაც ოპოზიციამ საუბარი დაიწყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ წარვუდგინეთ 4 სხვადასხვა შეთავაზება. პირველი – ეს იყო გადათვლა;  ჩვენ შევთავაზეთ 200-ზე მეტი საარჩევნო უბნის გადათვლა ჯერ კიდევ ნოემბერში, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, რაც არასდროს არ მომხდარა საარჩევნო პროცესში; მეორე – ჩვენ მათ შევთავაზეთ 3700-ივე უბნიდან ამოღებული ვიდეო-ჩანაწერების ნახვა. ამაზეც თქვეს უარი, როცა საუბარი იყო ე.წ. კარუსელზე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ჩანაწერებით იმის გადამოწმება, თუ რამდენად ჰქონდა რეალურად ადგილი ასეთ სამართალდარღვევას. მესამე –  ჩვენ მათ შევთავაზეთ დებატები, სატელევიზიო დებატები, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული საარჩევნო პროცესთან. და მეოთხე – შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ კომისიის შექმნა, რომელიც შემდეგ, რეალურად, შეიქმნა, თუმცა, ოთხივე შემოთავაზებაზე მივიღეთ საჯარო უარი. როგორც დღეს ირკვევა, ამას ჰქონდა ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ რეალურად, მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები