„ბევრი ფერმერი სწორედ ამ ტიპის თანადაფინანსების მხარდაჭერას ითხოვდა“ – პროფესორი მექანიზაციის პროგრამაზე

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის განახლებას ეხება, შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ აგრო სექტორი ყველაზე მეტად სწორედ ამას ითხოვდა.

„ბოლო წლებში, აგროსექტორში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მექანიზაციის პრობლემები რჩებოდა. პირველ რიგში, ტექნიკის სიძვირის და შესაბამისაად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მით უმეტეს, როგორც კოვიდ პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, აგრო სექტორი ეკონომიკის თვითკმარობის პრიორიტეტულ მიმართულებადაც უნდა მივიჩნიოთ.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მართლა მასშტაბური პროგრამის დაწყება, არის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირებისათვის და სწორედ აღნიშნულ კონცეფციაში უნდა განვიხილოთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს.

ნიშანდობლივია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულმა თანადაფინანსების პროგრამებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტდამოკიდებულების შემცირებას და ექსპორტის სტიმულირებას. მარტო 2013-2019 წლებში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდა 400 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ფერმერებმა აწარმოეს წლიურად საშუალოდ 400 მილიონი დოლარით მეტი პროდუქცია.

რაც შეეხება მექანიზაციის ახალ პროგრამას, ის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ფერმერი სწორედ ამ ტიპის თანადაფინანსების მხარდაჭერას ითხოვდა, რაც მათ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასაც გაუადვილებთ. თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრა 20,000 ლარიდან 100 000 ლარამდე, თანადაფინანსება კი შეადგენს სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 40%-ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30% , მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარით“  – აცხადებს ცუცქირიძე.

მსგავსი თემები