„ლექსოს ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი

  •  

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების აგრესიის გამო დაშავდა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა მკურნალობას აგრძელებს. ოპერატორს ორივე თვალი დაზიანებული ჰქონდა.

ილიკო თვალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოლეგებს, მეგობრებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„კარგად ვარ, ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა დამაკმაყოფილებელია. მხედველობა ორივე თვალიდან თითქმის აღდგენილი მაქვს, თუმცა ვაგრძელებ მკურნალობას სრულყოფილ გამოჯანმრთელებამდე. დიდი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და მთელი გუნდის მიმართ, რომლებიც სრულად ჩართული იყვნენ და არიან ჩემი გამოჯანმრთელების პროცესის თითოეულ ეტაპზე.

რა თქმა უნდა, ჩემი მოთხოვნაა ობიექტურად და მიკერძოების გარეშე დაისაჯოს ყველა მოძალადე და მათი წამახალისებლები, რომლებმაც ჩემზე და ჩემს კოლეგებზე ფიზიკურად იძალადეს. მოგვაყენეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი.

უმძიმესია, ჩვენი მეგობრის და კოლეგის, ლექსოს სიკვდილი! მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების მიზეზის გამოძიება არ დასრულებულა, ჩემთვის ის ამ ძალადობის მსხვერპლია!

მოვითხოვ, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, მკაცრი ზომები იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი ძალადობა აღარ განმეორდეს მედიაზე! ლექსოს ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო“,- წერს ოპერატორი.

მსგავსი თემები