ამერიკის ელჩის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს

  •  

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქარველოში კელი დეგნანი მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს,  მოსამართლეთა დანიშვნა შეაჩეროს. როგორც კელი დეგნანი ჟურნალისტებთან განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.       

„19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული განხილვები, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია“ – აცხადებს ელჩი.

მისივე შეფასებით, სხვა ტიპის  შეთანხმებაზე ის ინფორმაციას არ ფლობს.  

„არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე. მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა“ – განმარტავს კელი დეგნანი.

ელჩი ასევე მიუთითებს, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას.  

„ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობს“- აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები