„მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში,  ხორბლის აღების პროცესს – ალოობას დაესწრო.

„ალოობა აქტიურ ფაზაშია.  მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი  თვალსაზრისით, რაც ბევრ სისტემურ ცვლილებასა და გადაწყვეტილებას უკავშირდება“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი მარცვლეული კულტურები, მათ შორის, ხორბალი და ქერი.

„შესაბამისად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მემარცვლეობის დარგის განვითარებისთვის, რაც ხარისხიან სათესლე მასალასა და მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობას, თესლის სერტიფიცირებას, ფერმერებისთვის ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მოიცავს; ვიმუშავებთ ხარისხის კონტროლის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანია ფერმერების ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კონკურენციისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები