“სანამ თქვენ ურტყამთ ჩვენს ეკლესიებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი ცხოვრების წესს, კომპრომისები ვერ იქნება“ – ლევან ვასაძე

„ვიბრძოლოთ, ღმერთი ჩვენკენ არის და ყველაფერი კარგად იქნება“ – აცხადებს მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე და ხელისუფლებას მიმართავს, ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი გაათავისუფლოს.

საუბარია „თბილის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებულ პირებზე.

როგორც ლევან ვასაძე განმარტავს, სწორედ რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ქვეყნის არევას და ისინი არიან ყველანაირი უბედურების წყარო.     

„რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ყველანაირად ცდილობს არიოს ქვეყანა, „ნაცები“ იქნებიან, არასამთავრობო სექტორი თუ ჟურნალისტები, სწორედ  ისინი არიან ქვეყნის არეულობის გამომწვევები, დესტაბილიზატორები და წყარო ყველანაირი უბედურებისა. ისინი, ეს ერთი მუჭა ხალხი, აღჭურვილი ფულითა და მიკროფონებითა და საინფორმაციო საშუალებებით, ეძახიან ქართველ ერს მოძალადე ჯგუფებს, პუტინისტურ ჯგუფებს, რადიკალურ მოძალადე დაჯგუფებებს და ასე შემდეგ. ეს რის ღრმა შეურაცხყოფა ჩვენი ერისა. იმიტომ, რომ აქეთ მხარეს დგას ჩვენი ერი და იქით მხარეს – ეს ნაყიდი და გაყიდული ერთი მუჭა ხალხი“ – აცხადებს ლევან ვასაძე.  

„ერი“-ს დამფუძნებელი ტრადიციულ ქართველებს მიმართავს და დაკავებულების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას სთხოვს.  

„ბოლოს, მინდა მივმართო ხალხს – ჩვენს ერს, ტრადიციულ ქართველებს, ყველა ეროვნების და სარწმუნოების თანამემამულეებს, რომ რა თქმა უნდა, ეს რეპრესიები და ეს ძალადობა არ უნდა დარჩეს უპოსუხოდ. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ყველასადმი, უნდა გამოვიდეთ გარეთ და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული. ვიბრძოლოთ, ღმერთი ჩვენკენ არის და ყველაფერი კარგად იქნება“ – აცხადებს ლევან ვასაძე.        

მსგავსი თემები