„ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი“ გაუქმებულიყო და ეგრძნოთ პასუხისმგებლობა“ – ანდრია ჯაღმაიძე

  •  

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით საპატრიარქომ არაერთხელ გააკეთა განცხადება და მრევლს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწონა. როგორც დეკანოზი განმარტავს, ასეთი ესკალაცია საფრთხეებს შეიცავდა.

„გავრცელდა დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდების. მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. წინასწარაც გავაკეთეთ ჩვენ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის” მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი” გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებლობა“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

დეკანოზი ასევე განმარტავს, რომ, ის, რაც მოხდა, მედიის ბრალეულობა არ არის.

„ნახეთ ჩემი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება. ვფიქრობ, რომ თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციების. მინდა მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არიან იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ? მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამე და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს. სხვა საქმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ტელევიზიის რედაქციებზე ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი ამ პერიოდში, ამ დღეებში მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი მანდ გაისმა ეკლესიის მიმართ”, – განაცხადა დეკანოზმა მედიასთან.

მსგავსი თემები