“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა” – მეზვრიშვილი გახარიაზე

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა  ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე ისაუბრა, როცა ლგბტ თემს „პრაიდის კვირეულის“ გამართვაზე უარი უთხრეს.  რითი განსხვავდებოდა მიმდინარე მოვლენები გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდისგან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ მსვლელობის მსურველებს არ მისცა ღონისძიების დაგეგმილი ფორმებით ჩატარების შესაძლებლობა, მეზვრიშვილმა დეტალურად განმარტა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გამბედაობა და უნარი ყოველთვის ჰქონდა.

„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, რომ როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა რაც არ უნდა მოსაწონი ყოფილიყო ეს ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი ჰქონდა და  იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყო, ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო – ამის ნაცვლად დაუშვა ის, რაც დაუშვა და ახლა ამის მოგვარების უნარი არ აქვს. ხან, უკაცრავად და ხალხს ჰკიდებს ამ ტვირთს და ამ პასუხისმგებლობას, რომ თითქოს საზოგადოება ძალადობას ამართლებს და ეს არის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა – ხან ვერ ხვდება რას აკეთებს, ეკლესიას ჰკიდებს პასუხისმგებლობას, რომ ეკლესია ამართლებს თითქოს“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.  

მისივე შეფასებით,  ხელისუფლება მსგავსი უმოქმედობით სახელმწიფოს დიდ ზიანს აყენებს.

„ვერ ხვდება, რამდენად დიდ ზიანს აყენებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც, ინსტიტუტებსაც და აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციას, რომელსაც მითითება აქვს მიცემული, რომ უბრალოდ, არ გაინძრეს… ბოლო 48 საათის განმავლობაში ქუჩაში დღისით, მზისით, მოქალაქეებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს თავს ესხმიან, შენობებში იჭრებიან, აზიანებენ სხვადასხვა ნივთებს, ასეთი რამე გახსენდებათ აი იმ მოვლენების დროს რაზეც მეკითხებით? – ვერ გაიხსენებთ! გამოხატვის თავისუფლების სრულად რეალიზების უფლება მაშინ ადამიანებს მიეცათ თუ არა, ეს სამსჯელო და საკამათო საკითხია, მაგრამ ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ, ვერ გაიხსენებთ ასეთს, ახლა რაც ხდება – განუკითხაობა, რომლის მოგვარების უნარი არაა – დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები