“ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია” – ნათია მეზვრიშვილი

„გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი და იმის ნაცვლად რომ ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო – დაუშვა ის, რაც დაუშვა“ –  აცხადებს გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი. 

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებსა და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„იმ უმართავ პროცესებზე, რომელიც გუშინ ხდებოდა მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს. ხელისუფლება ამას ასაღებს როგორც საზოგადოების მხრიდან დაკვეთილ ძალადობას, ფაქტიურად საზოგადოებას აყენებს ამით შეურაცხყოფას. ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი, მათ შორისაც რომლისთვისაც მიუღებელი იყო პრაიდის ღონისძიების ჩატარება, მაგრამ რომელიც  ძალადობას ამართლებს.“- ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი – ნათია მეზვრიშვილი. 

მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ არათუ დაპირისპირების განმუხტვის სურვილი არ აჩვენა, არამედ მის გაღვივებაში მიიღო მონაწილეობა. 

„ამ ხელისუფლებას იმის უნარი არ აქვს, რომ ამ დაპირისპირება განმუხტოს – ფაქტიურად ყველაფერი გააკეთა რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღვივებულიყო. მას შეეძლო მარტივი რამ გაეკეთებინა – საკუთარ თავზე აეღო ღონისძიების არ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა და შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამის პოლიტიკური ფასიც გადაეხადა. მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია და არც უნარი – მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. და ეს გახლავთ რეალობა. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ვერ არის ეს ხელისუფლება ამ დაპირისპირების განმმუხტავი,’’ – ამბობს მეზვრიშვილი.

მსგავსი თემები