საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მართლმასჯულების საკითხებში ევროკომისარს დიდიე რეინდერს შეხვდა. მინისტრმა ევროკომისართან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების და პატიმრობის საკითხზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში როგორც ევროკავშირის, ისე საერთაშორისო პარტბიორების აქტიურობის მნიშვნელობას.
„დღევანდელ ჩემს შეხვედრაზეც მქონდა ამის შესახებ ძალიან მკაფიო საუბარი, თხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მათი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ეს საკითხი დასმული. ხვალ ბორელთან შეხვედრაზეც მექნება ამაზე საუბარი, ასევე ევროპარლამენტარებთან და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ვიზიტს, რომ ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, დავით ზალკალიანმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ და ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შესრულების მხრივ არსებულ სურათზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა დიდიე რეინდერს, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც ევროკომისრის ასევე ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში.