„სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება უსამართლო შეფასებაა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ  შეფასებას უსამართლო და მძიმე ბრალდება უწოდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მართლაც უფრო აქტიური უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესი, და უფრო მეტად დაცული თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.

„სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება კი შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ. ვაქცინაცია არის პრევენციული ღონისძიება, მესმის, პანდემიის ფონზე ეს არის უმნიშვნელოვანესი,  მაგრამ ამ გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტია აცრილი, მაშინ გამოდის, რომ იქ ყოველი მეორე ადამიანი სიცოცხლის უფლებას არის მოკლებული და სახელმწიფოა დამნაშავე?

ისრაელი, რომელიც სამაგალითოა და 60% ჰყავს აცრილი ესე იგი 40%-ის შემთხვევაში სიცოცხლის უფლებას არღვევს სახელმწიფო. ეს არასწორია. პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს ამ კუთხით და მინდა გითხრათ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმწოდებელ მწარმოებლებთან ურთიერთობაში არის “კოვაქს პლატფორმა”, ეს არის გლობალური ალიანსი, მაგრამ მათაც ვერ შეძლეს იმ გეგმით სვლა და ქვეყნების უზრუნველყოფა ვაქცინებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აღიარა, რომ უსამართლო გადანაწილებას აქვს მსოფლიოში ადგილი. ასე, რომ ეს არის უსამართლო შეფასება“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

მსგავსი თემები