საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებს.
„განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოში პრიორიტეტულია C ჰეპატიტის ელიმინაცია, ასევე მუშაობა სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები და ყველა ამ მიმართულებით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმუშავებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა საკითხი შეეხო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
CDC-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი.
„ერთ-ერთი საკითხი რაც შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ს მთავრობისგან ვაქცინაციის დონაციის პროცესია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც უკვე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე. როგორც კი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა ქვეყანაში მოსახლეობამ უნდა აიცრას, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ის პირები ვისთანაც კონტაქტი აქვთ“, – აღნიშნა ჩარლზ ვიტეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.