აზერბაიჯანული ავიაკომპანია ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს

  •  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე.

„ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 20 ივლისამდე ეს იქნება კვირაში ხუთი ფრენა, 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება.

„ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები