“ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ხალხის საკითხი წამოვწიოთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმსა და ღონისძიებაზე” – ლიეტუვას პრეზიდენტი

  •  

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნიუსედას განცხადებით, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ხალხის საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე წამოწიონ.

გიტანას ნაუსედა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, რათა ადგილზე გაცნობოდა ვითარებას. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ბევრ შესაძლებლობას.

„მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა.

სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებულები არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა.

ადგილობრივევთან შეხვედრის დროს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე.

ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

მსგავსი თემები