ჩვენი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა” 27%-ს არ გასცდეს – ირაკლი კობახიძე

  •  

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ხელისუფლების წევრებმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატებმა არჩევნებში ერთად, ხმების 27 %-ზე მეტი ვერ აიღონ.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული შიდა კვლევის თანახმად, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუმცა, განმარტავს, რომ შიდა კვლევების გასაჯაროება მმართველ პარტიაში სწორად არ მიაჩნიათ, რადგან ცალკეული პოლიტიკური პარტიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ფართო საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საფუძველი ვერ იქნება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე, მათ შორის, მთავარი დანაშაული 2008 წლის ომია, როდესაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  რუსეთს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ჩააბარა, რაც მათი მმართველობის უმძიმესი დანაშაულის შედეგია.

„ასეთი კვლევები ჩვენ მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა, შემდეგ გვახსოვს არჩევნების შედეგებიც.  ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა 2017 წლის არჩევნებში, ერთად აიღო ხმების 27%, მანამდე, 2016 წლის არჩევნებში, “ნაციონალურმა მოძრაობამ”.  ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება თავად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა არის “ნაციონალური მოძრაობის” კვლევა და ეს ყველამ იცის. “მათ აქვთ რაღაც იაფფასიანი გათვლა, რომ შეიძლება ამან რაიმე გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მსგავსი თემები