“ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე” – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარია ხისტი იყო, როდესაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სასწრაფოდ მოითხოვდა და მისი მეტამორფოზა იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარიას ქმედებებს დაერთო ჭორი, რომ თითქოს მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდა და ამიტომ ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.

„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი „ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი.

მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.

ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. ამ პრემიერ-მინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, თითქოს ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებგან. თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული.

მისი ხედვა არის გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელსაც არასდროს გაურბოდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეხება ივანიშვილის განცხადებაზე გახარიას გამოხმაურებას, რომ „სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”, ვოლსკი ამბობს, რომ გახარიამ ის თქვა, რაც თავისი გადმოსახედიდან უნდა ეთქვა, “მაგრამ რეალობა სხვაა”.

„არ ველოდებოდი, რომ გახარია იტყოდა, სიმართლეა ის, რაც ივანიშვილმა თქვა. მან ზუსტად ის თქვა, რაც თავისი გადმოსახედიდან უნდა ეთქვა, მაგრამ რეალობა სხვაა. ჩვენ თვალწინ განვითარდა საკმაოდ დრამატული მოვლენები.

ის ნაბიჯები გადადგა, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც მივხვდებოდით, რომ მას „ნაცმოძრაობის” წისქვილზე შეეძლო დაესხა წყალი. ასეც მოხდა. უბრალოდ მისი გადადგომაც დაემთხვა „ნაცმოძრობის” იმ პერიოდის ინტერესებს, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო და მადლობა ღმერთს, ეს სცენარი არ განვითარდა.

ეს განცხადება არ შედგებოდა, რომ არა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და ქმნის ძალას, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გახარიას არ მივიჩნევთ მთავარ კონკურენტად, მაგრამ მივიჩნევთ თუ არა, ვალდებულება გვაქვს, შეფასება მივცეთ ისეთი, რაც დავინახეთ, რომ ჩვენს თვალწინ განვითარდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები