„ან ერთად გადავრჩებით, ან – ვერა“ – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა ჯანდაცვაა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება, მას არაფერი ესმის.  ეს განცხადება პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მას ყოველწლიური მოხსენების ფორმატში უსმენენ.

„უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა. ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, მიუღებელია, როდესაც, ყოველგვარი ჰუმანურობის  გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას აკრიტიკებს.

„მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალურ ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან. ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა – ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები