“ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა. მან ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვება მიულოცა. 

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ერთ თემას, ნიკოლოზ ბასილაშვილის თემას. ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას და მის მშობლებს ამ გამარჯვებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს.

ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, რომელიც მე ვიცი ხასიათი იმ კაცის. ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ მოწოდებით ახალ რეისს გააკეთებს და ახალი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს.

რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ასეთი ორგანო ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთოდ აქცევს. ასეთი ენერგიის მქონეა ეს კაცი. ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ვისაც მან სიხარული მიანიჭა და ამ ენერგიის თავმოყრა შეეცადა, ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულები ვიყოთ.“ – განაცხადა ლადო კახაძემ. 

მსგავსი თემები