„იყო საუბარი „წითელ ხაზებზე“, „ყვითელ ხაზებზე“ თუ „ლურჯ ხაზებზე“, ვერ ვისაუბრებ“ – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან დასრულებულია. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმდინარე დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, სანამ მოლაპარაკების პროცესი არ დასრულდება.

„ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ უკვე კომენტარები, მანამდე არც ერთ დეტალთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთდება. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით,  შეხვედრაზე ყველა არსებული წინადადება განიხილება.

„განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით ჩვენი საზოგადოების წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. პოზიციებს სჭირდება დაახლოება იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. იქ იყო საუბარი „წითელ ხაზებზე“, „ყვითელ ხაზებზე“ თუ „ლურჯ ხაზებზე“, ამაზეც ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, იმიტომ, რომ ესეც არის დიალოგის დეტალები,“- განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მმართველი გინდის მხრიდან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, შეხვედრაში არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა მონაწილეობს.

ევროპელი დიპლომატი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

მსგავსი თემები