„ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული“ – კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიას შეხვდა და მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც შვედი დიპლომატი აღნიშნავს, შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.

„საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში 10 დღის წინ წარიმართა. ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რომ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“ – განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით,  ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს.

„აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.  ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის, ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს“ – განაცხადა დანიელსონმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები