„ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისგან – რუსული ანექსიისგან!“

  •  

„ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისგან – რუსული ანექსიისგან!“ – აღნიშნული სლოგანით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში  აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა 100 წლის წინანდელი ოკუპაციისა და იმ რთული პირობების წარმოჩენა, რომელშიც  საქართველოს იმჟამიდელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას გამკლავება უწევდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში; როგორ ცდილობდნენ აფხაზი სეპარატისტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას საბჭოთა რუსეთის წაქეზებით. კონფერენციის ორგანიზატორთა უმთავრესი მიზანი იყო ყოველივე ზემოთ აღნიშნულსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამედროვე ვითარებას შორის არსებული ისტორიული კავშირის, რუსეთის უცვლელი იმპერიული ზრახვების ჩვენება.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის პოლიტიკური წარსულისა და დღევანდელობის შესახებ.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ – „აფხაზეთის რუსულ-საბჭოური ოკუპაცია და თანამედროვეობა“; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა – „1921 წლის 4 მარტის აღქმის საკითხისათვის აფხაზურ საზოგადოებაში“; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ – „ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში 1921-1924 წლებში“.

კონფერენციის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საყურადღებო გზავნილი გააჟღერა აფხაზი თანამოძმეებისადმი:

„დღეს აფხაზეთი დგას რეალური ანექსიის საფრთხის წინაშე! 2020 წლის 12 ნოემბრის შეთანხმება დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის სხვას არაფერს ისახავს მიზნად გარდა აფხაზეთის ანექსიისა. ძალიან ბევრ აფხაზს ეს არ უნდა და ჩვენ ვიცით, რომ ამის წინააღმდეგია, მაგრამ დაშინებული არიან და ჯერჯერობით ძალიან ხმამაღლა არ გამოდიან. თუ აფხაზებსა და ჩვენ ადრე – 1921 წელს, 1992 წელს, 2008 წელს არ გვქონდა საერთო მიზანი, დღეს, თუ კი შეგვწევს უნარი ეს დავინახოთ – საერთო მიზანი გვაქვს! ეს არის აფხაზეთის გადარჩენა, მისი ხსნა რუსული ანექსიისაგან; ამას მარტო აფხაზები ვერანაირად ვერ შეძლებენ; ჩვენ მარტო, აფხაზების გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ამ ეტაპზე აფხაზები და ქართველები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შევთანხმდეთ, ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ აფხაზეთი რუსული ანექსიისაგან! ჩვენთვის მიუღებელია და ვერ წარმოგვიდგენია აფხაზეთი აფხაზების გარეშე. სანამ აფხაზეთში აფხაზები იქნებიან, თუნდაც ქართველების გარეშე, მე პირადად ჩავთვლი, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის დაკარგული არ არის, მაგრამ თუ იქ აფხაზები არ იქნებიან, ან გადაგვარდებიან, ან იქ მათ იმ ძალაუფლებასაც წაართმევენ, რასაც დღეს ისინი ფლობენ (არადა ეს პერსპექტივა შორს არ არის), მაშინ ჩვენ აფხაზეთს სამუდამოდ დავკარგავთ! ამიტომ ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ აფხაზებმა ის მდგომარეობა, რაც აქვთ დღეს – შეინარჩუნონ, კიდევ უფრო განიმტკიცონ და ერთობლივად ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისაგან – რუსული ანექსიისაგან!“ – განაცხადა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.

მსგავსი თემები