„ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან“ – მინისტრი ბადრი ესებუაზე

შინაგან
  •  

ძებნილი ბადრი ესებუა დღეს ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო, რომელთან დაკავშირებითაც შს მინისტრს პარლამენტში არაერთხელ მოუწია პასუხის გაცემა. როგორც გომელაურმა განაცხადა, ესებუას დიდი ოდენობით თანხის გაშვება შემდეგი სიტყვებით: „წადი ახლა და მშვიდობაში მოიხმარე“, ნამდვილად არ მომხდარა.    

„მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ –  ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან… მესმის დიდი ინტერესია. არ მიყვარს ბაქი-ბუქით საუბარი და ტრაბახი. არ ვიცი, შეიძლება ხვალ მოხდეს, ან ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. 2-3 კვირის წინ დავაკავეთ ადამიანი მკვლელობაზე, რომელიც ეს 12 წლის წინ ჩაიდინა – ხდება ეს. ვერ გეტყვით, როდის მოხდება“,- განაცხადა გომელაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისივე თქმით, ის მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა და შტურმზე ამიტომაც თქვა უარი.  

„მესმის, რომ ესებუა დასაკავებელია. როგორ არ ვეცადეთ მის დაკავებას, გავუშვით და წადი ახლა მშვიდობაში მოიხმარე… ასე ხომ არ გავუშვებდით. გახსნილი ხელყუმბარით იჯდა მანქანაში 5 ადამიანი, მეხუთე იყო ესებუა. მანდაც ჩავთვალე, რომ არ დამეწყო შტურმი, მისი დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება“ – განაცხადა გომელაურმა.    

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ბადრი ესებუას ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები