ცნობილია პარტიების ერთობლივი განცხადება

  •  

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ წაიკითხა.

„მინდა ,გაგაცნოთ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება. დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოდგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა.

„ივანიშვილის მოძალადეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება. ახლა ოცნების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკან დახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით, ივანიშვილის იძულება შესაძლებელია. ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი. ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი. დღეს ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს„ ქართული ოცნების“ თავზე, ამ მასშტაბისა და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან, აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები