ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში ლაბორატორიებს, საავადმყოფოებსა და ბაზრებს მოინახულებენ

უხანში მყოფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი პარასკევს ჩინელ მეცნიერებს შეხვდება. ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წარმომავლობას იძიებენ, გეგმავენ უხანში ლაბორატორიების, საავადმყოფოებისა და ბაზრების მონახულებას. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტთა ჯგუფმა უხანში მდებარე საკარანტინო სასტუმრო ხუთშაბათს, 28 იანვარს დატოვა და საველე სამუშაოებს შეუდგა.

„ჯგუფი აპირებს საავადმყოფოების, ლაბორატორიების და ბაზრების მონახულებას. საველე ვიზიტები მოიცავს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, ჰუანანის ბაზარს, უხანის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ლაბორატორიას“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩება და შეხვდება უხანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს.

მსგავსი თემები