“კვირის ორი დღე მობილობა მნიშვნელოვნად დაეცეს, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, კვირის ორი დღე მობილობა მნიშვნელოვნად დაეცეს, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებტან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ სახელმწიფოს მიდგომაა, გადადგას მეტი ნაბიჯი ეკონომიკის გახსნისკენ. ​

„ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავხსნათ სრულად აჭარა და დავაკვირდეთ იქ მიმდინარე პროცესებს; შევინარჩუნოთ დადებითობის მაჩვენებელი ისეთი დაბალი, როგორიც დღესდღეობით გვაქვს და ჩვენ გვაქვს ეს მაჩვენებელი სამ პროცენტზე ნაკლები.

დღეს გვქონდა კომუნიკაცია და ავხსენით, თუ რა არის სახელმწიფოს მიდგომა. ეს არის ცალსახად ის, რომ გადავდგათ უფრო მეტი ნაბიჯი გახსნისკენ და ამ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რათა შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე.

ვიცით, ჩაკეტვა რამდენად მძიმეა ეკონომიკისათვის და აისახება, როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ვიღებთ გარკვეულ პრაქტიკებს ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება დაკეტილი, როგორც ეს გეგმაშია. ხოლო შემდგომ პერიოდში, როდესაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით ოთხ პროცენტზე ნაკლებ დადებითობას, შეიძლება, მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება ჩაკეტილი ისევ შაბათი-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა ორი დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კვირის შვიდი დღიდან, ორი დღე იყოს მობილობა მნიშვნელოვნად დავარდნილი. სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა.

დღეს თავად ბიზნესისგან მოვისმინეთ საკმაოდ პოზიტიური დასკვნები. მათთვის უფრო ცხადი გახდა, თუ რას ეფუძნება სახელმწიფოს გადაწყვეტილებები. ისინი მზად არიან თანაშრომლობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება მუდმივი კომუნიკაცია შენარჩუნებული, რათა დაიგეგმოს შემდეგი ბიზნესის გახსნა და ასევე, ამ კონკრეტულ ბიზნესთან მიმართებაში, კიდევ დამატებითი შემსუბუქებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები