იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძრების ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხანძრის ყველაზე დიდი კერა იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და სოფელ ზარათში, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე ლიკვიდირებული იქნება.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და სავარაუდოდ, დილისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იქნება“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ზვიად შალამბერიძე შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შსს-ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთა, სულხან თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.