ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წარმომადგენლის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
არჩილ თალაკვაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტის წევრები გახდნენ. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს რიგგარეშე სხდომაზე დღეს უყარეს კენჭი.
„კოლეგებო, წევრებს რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა შეუძლიათ გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნულ საკითხს კომიტეტმა მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.