დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა, კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება.
ამასთან, როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პაციენტს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა კონტაქტი ჰქონდა უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან.
იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე ყველა პირის ანალიზების შესწავლის შედეგად, კორონავირუსის ახალ შტამზე საეჭვო შემთხვევად სულ სამი დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
„ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და დაიდო სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა იმ რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს და ეს არის 14 დღე. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება“, – განაცხადა იმნაძემ.