საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოვა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი თბილისში დღის მეორე ნახევარში იქნება.

ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ , გიორგი გახარიასთან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზაკლანიანთან.

მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

„საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები