“გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს” – “ნაციონალური მოძაობა”

  •  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უჩა კოკაია აცხადებს, რომ პარტიის წევრის, ნიკა მელიას ერთ-ერთ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს.

მისი თქმით, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ოფისი სრულად დამწვარია, ჩამსხვრეულია ფანჯრები და დამწვარია ავეჯი.

უჩა კოკაიას განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც დაფიქსირდა.

„დაახლოებით დილის 06:00 საათი იყო, როცა დაგვირეკეს, სასწრაფოც არ იყო მოსული. ფანჯრები ჩამტვრეული იყო, შიგნით ბენზინის ბოთლები იყო შეგდებული შიგნით, დამწვარია აბსოლუტურად ყველაფერი. კამერების ამოღებაზე გვაწვალეს. ფაქტი ის არის, რომ ვერ შეეგუეს ნიკა მელიას გამარჯვებას, ვერ ელევიან და უკვე ოფისების დარბევაზე არიან გადასული. დანახვით არავის დაუნახავს, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი იყო. ადრე ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მოხდა მსგავსი შემთხვევა“, – განაცხადა უჩა კოკაიამ.

ამასთან, შენობის მეპატრონე გუჯა ქავთარაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მოხდა.

„მეგობრის მეუღლემ გამაგებინა, ბოლი ამოდისო და ამასობაში, სანამ მე ჩამოვედი, უკვე სახანძროც გამოძახებული დამხვდა. უშუალოდ შევესწარი ცეცხლს. სანამ სახანძრო მოვიდა, კი აგიზგიზდა და გადაიწვა შენობა. შემტვრეულია მინა, შეგდებულია ბენზინის ბოთლები. ეს ყველაფერი მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი იყო, აბა მე პირადი მტრები არა მყავს“, – განაცხადა გუჯა ქავთარაძემ.

გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას ითვალისწინებს.  

მსგავსი თემები