საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლაზე კონკურსი სექტემბერში გამოცხადდება

  •  

ბორჯომში, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერების გასვლითი შეხვედრა 26-27 აგვისტოს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საბაზისო სასწავლო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა. სექტემბერში გამოცხადდება გახანგრძლივებული სტაჟირების კონკურსი და პირველი ოქტომბრიდან დაიწყება ექვსთვიანი სტაჟირება მათთვის, ვინც კონკურსს წარმატებით გაივლის.

​პარლამენტის აპარატის უფროს გივი მიქანაძის განმარტებით, პროგრამის მიზანია, მომავალში საქართველოს პარლამენტის აპარატში ნებისმიერ ახალმიღებულ თანამშრომელსა და სტაჟიორს, სანამ ის უშუალო ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას შეუდგება, შესაძლებლობა ჰქონდეს გაიაროს საბაზისო საორიენტაციო სასწავლო პროგრამა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის აპარატში ხელმძღვანელი პირებისა და დეპუტატებისაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საბაზისო სასწავლო პროგრამის შექმნაზე მუშაობდა.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ტარდება, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერები დაამუშავებენ შეთანხმებული და შეჯერებული საბაზისო პროგრამის თითოეული მოდულის სილაბუსს და განსაზღვრავენ იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც უნდა მოხდეს ამ სასწავლო პროცესის წარმართვა. სამუშაო შეხვედრას უძღვება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ექსპერტი, რომლის ხელმძღვანელობითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები ახორციელებენ საბაზისო სასწავლო პროგრამის სილაბუსების დამუშავებასა და საბოლოო სახის მიცემას“, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, აგვისტოში, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სამთვიანი სტაჟირების პროგრამა გახანგრძლივდა და გახდა ექვსთვიანი. ამ ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პარლამენტში მიღებულმა სტაჟიორმა უნდა გაიაროს სასწავლო პროგრამა.

„ეს სასწავლო პროგრამა იქნება ოთხკვირიანი ხანგრძლივობის და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ელემენტებს იმისთვის, რომ ნებისმიერმა სტაჟიორმა, ასევე ახლადმიღებულმა თანამშრომელმა უფრო მეტი წარმოდგენა იქონიოს იმ პროცესებზე, რაც პარლამენტის შიგნით ხდება და ეს იქნება მისთვის გარკვეულწილად, გაცნობითი, საორიენტაციო ხასიათის საბაზისო ელემენტი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, საბაზისო პროგრამის წარმმართველ ტრენერებს, 2 თვის წინ, NDI – ს მხარდაჭერით ჩაუტარდათ ტრენინგი იმ უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, რაც მათ დაეხმარებათ ამ პროცესის განხორციელებაში.

მსგავსი თემები