დიმიტრი ხუნდაძე  გრიგოლ ვაშაძეს – „დონ კიხოტობა თუ გსურთ, მუხრანში ქარის წისქვილებს ვერ იპოვით“

“მუხრანში ღირსეული ხალხი ცხოვრობს და “ნაცმოძრაობა”  წინასაარჩევნო კამპანიით მათზე მანიპულირებას ვერ მოახდენს” – დიმიტრი ხუნდაძე „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს, რომელიც მცხეთის რაიონს, კერძოდ, მუხრანს ეწვია და  ბაზარში მომუშავე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„კარგი იქნებოდა, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები  ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩამოსულიყვნენ და ენახათ რა იყო მუხრანი მაშინ და როგორ ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობა. მუხრანი მცხეთის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქ ბევრი რამ გაკეთდა: აშენდა ევროპული სტანდარტების მქონე ახალი სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, გზები, ფეხბურთის მოედანი. უკვე ტენდერია გამოცხადებული დიდი კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე, დაწყებულია იუსტიციის სახლის მშენებლობა. რაც შეეხება ბაზარს, რომ მოეკითხათ, თავად მათი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი საკრებულოში ეტყოდა, რომ ბაზრის დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მუხრანს მალე ექნება მაღალი სტანდარტების შესაბამისი ბაზარი. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბეს, მუხრანელები მშრომელი ხალხია, პირობებიც აქვთ და  საქართველოს ვუსურვებდი, ეკონომიკურად ასეთი ძლიერი დასახლება ბევრი ჰქონდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუხრანში პრობლემები არ არსებობს. პრობლემები არის და შესაბამისი მუშაობაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, მცხეთის რაიონში მუხრანის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, მუხრანის მაჟორიტარი დეპუტატი გელა ბაქრაძეა, რომელიც განსაკუთრებულ  ყურადღებას იჩენს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მიმართ.

“ასეთივე მზრუნველობით გამოირჩევიან ადგილობრივ საკრებულოში პარტიული სიის ნომერ პირველი დეპუტატი, მუხრანის მცხოვრები და მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობაში გიორგი ბაინდურაშვილი და მცხეთის მერის წარმომადგენელი მუხრანში გიორგი გაბარაშვილი”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დეპუტატმა განუცხადა, მუხრანში ღირსეული ხალხი ცხოვრობს და “ნაცმოძრაობა” წინასაარჩევნო კამპანიით მათზე მანიპულირებას ვერ მოახდენს, რაც დღესაც დადასტურდა,  გიორგი ვაშაძის მუხრანელებთან შეხვედრისას.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით მუხრანის ბაზრის მომხმარებელი არა ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ, ძირითადად თბილისელები და ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლები არიან.

“ახლა კი საზაფხულო არდადეგების პიკია და ბუნებრივია, ბაზარში მყიდველების სიმცირე იქნებოდა. თუკი “ნაცმოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატს დონ კიხოტობა სურს, მინდა ვუთხრა, რომ მუხრანში ქარის წისქვილებს ვერ იპოვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ მუხრანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მუხრანს არა აქვს ბაზარი და ხალხი ქუჩაში ვაჭრობს. ხოლო მოსახლეობა იმდენად გაღარიბდა, რომ ბაზარში მყიდველებზე მეტნი გამყიდველები იყვნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ კი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები