“მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს და მოემზადონ მეორე ტურისთვის” – კახა კალაძე

  •  

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილს და ლეგიტიმური პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივ პროცედურებს მიჰყვნენ, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ გუშინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცავების ქმედებაც შეაფასა და განაცხადა, რომ მათ კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება  მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს:

“გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა ქართულ ოცნებას გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს  იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას ქართული ოცნება დააკომპლექტებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტულ საარჩევნო უბნებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვთ,  დესტრუქციული ქმედებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრის საფუძველზე ხმების გადათვლის პროცესს. მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და მილიონამდე ადამიანს არჩევანს საპროტესტო აქციებით ვერავინ შეუცვლის.

ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ, დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ შტურმში. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები