„ოქრიაშვილის მომხრეებს თავს გოგი მეშველიანის შტაბის წევრები დაესხნენ – აქ იყო განზრახ მკვლელობის ნიშნები“ – ადვოკატი

„კახა ოქრიაშვილის შეხვედრის შემდეგ მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 8 – 10 პირი,“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავრში“, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე განხორციელებული, შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

თოდუას ინფორმაციით ავტომანქანებს, რომლითაც თავდასხმა განხორციელდა „ქართული ოცნების“ წევრები მართავდნენ. ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაზარალებულად ცნობას ითხოვს:

 „ერთ მანქანას მართავდა ბოლნისის საკრებულოს წევრი ბექა წაქაძე, მეორეს კი მეშველიანის შტაბის წევრი, მინდიაშვილი არჩილი, თავდამსხმელებმა განახორციელეს შეჯახება იმ მანქანაზე, რომელშიც იმყოფებოდნენ ოქრიაშვილის მხარდამჭერები, ლევან მიქელაძემ მოახერხა გაქცევა, მის მიმართ განხორციელდა 5 – 6 გასროლა და მხოლოდ შემთხვევითი ბედნიერების შედეგად ვერ შევიდა ტყვია სალონში,.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა მისცეს გამოძიებას ჩვენება და ასევე იდენთიფიცირებულია ყველა პირი, ამის შემდეგ კი მხოლოდ დაიკითხა წაქაძე, ჩატარდა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში, არანაირი სხვა პირის მიმართ არ განხორციელებულა საგამოძიებო ღონისძიებები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ჯერ – ჯერობით მოწმის სტატუსით არიან დაკითხულები, ჩემი აზრით ბრალდება მფარველობს დამნაშავეებს.

 სამწუხაროდ კვალიფიკაცია არის არასწორად მიცემული საქმის მიმართ. ჩვენ ვითხოვთ სწორი კვალიფიკაცია მიეცეს საქმეს, აქ არის განზრახ მკვლელობის ნიშნები,“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები