„ეს ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა” – გიორგი გახარია

  •  

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლებაა ყველაზე კარგი საფუძველი, რათა ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, ეს არ იქნება ჩვენი თაობის მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

გახარია მიესალმა სტუდენტებს და განაცხადა, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში არაორდინალურია, რადგან მათ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება უწევთ. მისივე თქმით, მსგავსი რამ ყველასთვის რთული წარმოსადგენი იყო, თუმცა ეს არის რელობა, რომელსაც ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ.

„ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. ეს თქვენი გასასკეთეებელი იქნება, ბატონებო, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან განათლების სისტემას, რათა საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი. ამ საკითხში ფუნდამენტურ მეცნიერებებს, განათლებას აქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. ამასთან ერთად, მინდა შევუერთდე ქალბატონ პრეზიდენტს და უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ და ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა, რომ ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტი, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სტუდენტებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ მათ სულ სხვა, ახალ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება, რადგან გლობალური გამოწვევები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

მსგავსი თემები