„მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“ – სალომე ზურაბიშვილი

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.

„მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აქვთ საშუალება მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას გახდნენ სრულფასოვანი წევრი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის.

პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. „მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოაქალაქედ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან, რაც ამ ორი დიდი ერის შერიგების საწინდარი იქნება. „ქუთაისი თავისი საზოგადოებით, ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითბოთი და განუმეორებელი იუმორით, იქნება ადგილი სადაც დაიწყება კავკასიის მშვიდობიანი ისტორია. დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო, კავკასია. რომელსაც უნარი შესწევს გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

მსგავსი თემები