ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მკაცრი რეგულაციების მოლოდინშია

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები – ყველა მკაცრი რეგულაციების შემოღებას აანონსებს. სავალდებულო ხდება სამედიცინო პირბადის ტარება, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.

დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ ერთ დღეში 19 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით 3-დონიანი შეზღუდვები იგეგმება და ის ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე ამოქმედდება. მესამე დონე გაერთიანებულ სამეფოში, მკაცრი საკარანტინო ნორმების ამოქმედებას ითვალისწინებს. დაიხურება გასართობი სივრცეები, ბარები და რესტორნები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვის შესრულების მიზნით, 12 000 პოლიციელის მობილიზებას იწყებს. ქვეყნის 8 ქალაქში კომენდანტის საათი შაბათს ამოქმედდება და ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. 21:00-დან 6:00 საათამდე მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აეკრძალებათ.

ესპანეთში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა 12 000-სს გადააჭარბა. კოვიდინფიცირების შემთხვევებით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება კატალონიაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურება ყველა დაწესებულება, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტს არ წარმოადგენს.

ნაწილობრივ ჩაკეტვას აანონსებს ნიდერლანდები. მეორე ტალღის შესაჩერებლად 4 კვირის განმავლობაში სრულად დაიკეტება ბარები და რესტორნები.

რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა გერმანიაშიც, კანცლერმა ანგელა მერკელმა რეგიონებში, სადაც ეპიდვითარება სწრაფად უარესდება, მკაცრი შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. სავალდებულო ხდება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო და ვითარება უკიდურესად დამძიმდება. ანდრეი ბაბიში საავადმყოფოების გადატვირთვას ელოდება.

მთავრობამ ჩეხეთში უკვე აამოქმედა ნაწილობრივი კარანტინი: დაიხურა სკოლები, ბარები და კლუბები, იზღუდება რესტორნების მუშაობაც.

“ევროკავშირის ქვეყნებში პანდემიური მდგომარეობა სულ უფრო საგანგაშო ხდება, საჭიროა დროული მოქმედება ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად” – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, რომელიც თვითიზოლაციაშია გადასული.

მსგავსი თემები