ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თხუთმეტზე მეტი კვლევა ჩატარდა

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში ჯამში ათი ძირითადი მიმართულებით ჩატარდა თხუთმეტზე მეტი კვლევა და იმუშავა 20-მდე საპროექტო ჯგუფმა. შედეგად ჰოლისტური მიდგომით შეფასდა ყველა დარგი და ინტეგრირდა კვლევის შედეგები. კვლევების შესახებ პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა.

„ჩატარდა ღრმა საინჟინრო და გეოლოგიური კვლევები ფერდობის მდგრადობის შეფასების მიზნით, ასევე, ისტორიული დინამიკის და ანალიზის კუთხით. შესაბამისად, მოხდა ზონირება საფრთხეების მიხედვით. ასევე, გაანალიზდა ქალაქის ურბანული ქსოვილი. აქ დაგხვდა ბევრი კარგი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, მაგრამ ამ საზღვრებიდან გამომდინარე,  ხელახლა შევისწავლეთ კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, პირველ რიგში, მიღწევადობა და მობილობის სქემებთან მიბმა. ვინაიდან ეს სივრცე არის ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი იერსახის მატარებელი და დომინანტი,  არქიტექტურული ჩარევების სპექტრიც შემუშავდა და რაც მთავარია, მოხდა ბმა არსებულ, დეკლარირებულ მწვანე დერეფნებთან“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მისივე თქმით, პროექტის შემუშავებისას მთავარი წონა მიენიჭა ბიომრავალფეროვნებას და გამოიკვეთა სამი მიმართულება.

„ვინარჩუნებთ ბიომრავალფეროვნებას, ვაკეთებთ ყველაფერს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის და რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი იყოს სტრუქტურულად, ფინანსურად და კომერციულად მდგრადი. სწორედ ამის მიხედვით მივიღეთ ზონირების რუკა, რომელიც გამოყოფს ლანდშაფტის კონსერვაციის ზონას; გვაქვს რეგენერაციის ზონა, სადაც ვეხმარებით ბუნებას, რომ გაძლიერდეს; ყველაზე რთული ზონაა ადაპტაციის ზონა, სადაც კლიმატური ცვლილებების გამო, ფიჭვების ხმობის გამო, საინჟინრო-გეოლოგიური პრობლემების გამო საჭიროა სწორი ჩარევა; პირწმინდად გატყიანების ზონა, სადაც ვრცელი სივრცეებია და დიდი მწვანე მასის შექმნაა შესაძლებელი; ურბანული შერბილების ზონა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკოლოგიური და გარემოზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებაზე, ურბანული და ბუნებრივი ლანდშაფტების ზღვარზე; ლანდშაფტის დიზაინის ზონა – აქ სრული თავისუფლება აქვთ ლანდშაფტის არქიტექტორებს, ოღონდ, ბუნებრივია, ბოტანიკოსების მიერ შერჩეული სახეობების ფარგლებში; განაშენიანების მცირე წერტილები. ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს ბუნების მუზეუმზე, აგროსოფელზე და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკრეაციულ ცენტრზე. გარდა ამისა, გაანალიზდა 60 კილომეტრამდე ბილიკები და შეირჩა 40 კილომეტრამდე თემატური ბილიკები. ისეა გააზრებული ეს ქსელი, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მსგავსი თემები