“საქართველოს მილიონ მოსახლეზე, ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ჰყავს ყველაზე ცოტა გარდაცვლილი” – თენგიზ ცერცვაძე COVID19-ით სიკვდილობის მაჩვენებელზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და COVID19-ით სიკვდილობის მაჩვენებელზე განმარტება გააკეთა.

„ბოლო ორი კვირაა შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების მატება, თუმცა არის გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ არის სიკვდილის ერთეული შემთხვევებიც. აქ მინდა განმარტება გავაკეთო, რომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა და შემთხვევების ზრდა იყო მოსალოდნელი და გარდაუვალი. მოიხსნა შეზღუდვები და იყო დასვენების საზაფხულო სეზონი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება სიკვდილის სტატისტიკის ზრდას, აქ არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება.

„აქა-იქ ისმის, რომ კატასტროფიულად გაიზარდა covid19-ით სიკვდილის მაჩვენებელი, ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი. მაქსიმუმი რაც საქართველოში დაფიქსირდა ეს იყო სიკვდილობის 7 შემთხვევა. ერთეულები მოიმატა, ეს საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ჰყავს მცირე გარდაცვლილთა რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები