“სამინისტროს გადაწყვეტილებით, იქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში იქნება თითო რეანიმატოლოგი, თითო ინფექციონისტი და თითო ადმინისტრატორი, ასე ვთქვათ, მენეჯერი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრისა და რეანიმატოლოგების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, ოპერატიული ჯგუფები კოვიდკლინიკებში იმუშავებენ.
„ამ მობილური ჯგუფების ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი, ეფექტური, ოპერატიული კომუნიკაციის განხორციელება ყველა კოვიდკლინიკასთან. პირველ რიგში, თბილისის კოვიდკლინიკებთან და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რამე თუ ის ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში. ჯგუფების დანიშნულება იქნება ამ კოვიდკლინიკებში სიტუაციის ოპერატიულად გაცნობა და რამდენიმე დღეში დასკვნების მომზადება, თუ რა ძლიერი და რა სუსტი ადგილები აქვთ ამ კლინიკებს, რა არის გასაუმჯობესებელი, დასახვეწი, რა არის შესანარჩუნებელი, და რა არის შესაცვლელი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.